WIndows  
RSS 2.0  |  ფონი 1   ფონი 2   ფონი 3   ფონი 4   ფონი 5
  
ნავიგაცია

ავტორიზაცია

კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

TOP News
ტოპ ფაილები

რაც გინდა
რაც გინდა

nichieri
|

"სიკვდილის ჯგუფი”

    ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

   "უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც "ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

   სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

volk-როლი ფოლკლორში

"volk-როლი ფოლკლორში"

   "ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

  • "შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;
  •  ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: "არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;
  • "ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…
  • … და სხვა.

     ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

     მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

   ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა ("იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე "ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

     მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: "მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

   (შენიშვნა: "დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

წითელი და შავი

"წითელი და შავი"

     კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური "ქებისპულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებასშეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ "მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

"ჟრჟოლვის კატალიზატორი"

    "რასაცა გასცემ შენია”-სა და "რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით "დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის "საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

    რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს "უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

"გრავიტაციის ძალა"

    ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის "ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – "მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ"მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და "შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

    თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე "მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდეს და შესაბამისად, კონკურსანტებზე მსგავსი ირონიული კომენტარები აღარ გაკეთდეს. (მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერის ლინკი  - ექსკლუზიურად ნიკასთვის) 

   "იავნანამ” თავისი ნომრით თავისივე სახელი, საბედნიეროდ, არ გაამართლა და მხიარული გამოსვლით, ძილის სურვილი ნაკლებად გააჩინა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ნიჭთა ძიებაში ქართული ფოლკლორიც ფიგურირებს, თუმცა, როდესაც ეს ფოლკლორი "faulკლორად” გარდაიქმნება, ამის მიზეზი ქართველი ერის მხრიდან ნიჭის დაუფასებლობის ნაცვლად, მაინც უფრო შესრულებაში უნდა ვეძებოთ. 

"მამა ნახე, შვილი ნახე..."

     ღამბაშიძეების გამოსვლისას "მამულის მხრიდან შვილის მიერ მამის დაჯაბვნის სურვილის”  გამოძახილი, ჟიურის კომენტარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩემი სატელეფონო ანგარიში "ანგარიშში ჩასათვლელი რომ არ ყოფილიყო”, ამ გამოსვლის მიმართ სიმპათიას უფრო მატერიალურადაც გამოვხატავდი.

    დოლების "დასჯისა” და "ცემა-ტყეპის” ნომერიც არანაკლებ საინტერესო, საოცარი და (აქ რამე დადებითი სიტყვა) გამოდგა. ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე მუსიკალური გადასვა კი იმდენადრბილად ხდებოდა, რომ ბგერებით მონიჭებულ სიამოვნებაში ჩაფვლა ადვილად იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევი აღმოჩნდა თიკას შეკითხვა: "ბატონო მიხეილ, თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ დღევანდელი გამოსვლითო”
 
(აქვე მცირე გრამატიკული შენიშვნა: "თქვენობითი მიმართვის დროს, ყველა სიტყვა მრავლობით რიცხვში არ გადადის”) 

    ლირიკული წიაღსვლა (ზემოთნახსენები მიზნის ახსნა):
    1. "დარბაზში ზის გოგონა, რომელიც იძახის: ბაჩო მიყვარხარო… და მომეცი უფლება გავიგო ვინ არის! დაიყვირე რა, გოგონა…” – მაია ასათიანი
    2. "მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური” – მაია ასათიანი 

    კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შოუს ელემენტები რეალურად შემოგვთავაზა ჯგუფი პლატინა იყო და ფინალში ხანძარს ნამდვილად იმსახურებდა.
     ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი ანომალია დაემართება.  (ჩემი ვერსიის საფუძველი: ვინაიდან იგი, კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.) 

      მერაბ კირაკოზაშვილის ნომერზე შიმშილისაგან კბილები ამიკაწკაწდა. ოდესღაც, ფიზიკაში დიფუზიას რომ მასწავლიდნენ, არ მჯეროდა რომ რაიმე სუნს (ამ შემთხვევაში, მწვადის) ჰაერის მოლეკულების მეშვეობით, დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება ნამდვილად შეეძლო. ახლა დავიჯერე… 

     ჰო, ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი განცდებია, თორემ ნომერი რომ კარგი (და ბევრად მეტიც) იყო, ამას ყველა თქვენგანი ხვდებით და მტკიცებით იმისა, რაც ისედაც ნათელია, თქვენი "შეფასებისა და განსჯის უნარს” შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. 

   და ბოლოს, დესერტი მაყურებელთა ყურებისათვის: 

   მარიამ კახელიშვილის სიმღერა გამოსვლათა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ადამიანი რომ იტყვის: "ეს ნამდვილად გადასულიაო”, რის შემდეგაც, მობილურის მომარჯვების ნაცვლად, მოწონების ნიშნად, ხელებს გულზე დაიკრეფს და სიმღერით დატკბება. ალბათ, სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს ის, რომ მარიამ კახელიშვილის "გადარჩენა” ჟიურის მოუწია და მოსალოდნელი "ჯეოსტარიზაციის” გამო, ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა.

     პ.ს: როგორც პატივცემული ჟიური იტყოდა, დღეისათვის სულ ეს იყო…

    

1 აპრილი

ტრივია №7

ხუთშაბათი  – დილიდან უამრავი წერილი, უამრავი კითხვა, თუ როდის, ზუსტად რომელ საათზე დაიდება ტრივია, რომ მსურველებმა არ გამოტოვონ, მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ "ნიჭიერის” ნახევარფინალის მოსაწვევები.

და აი, ტრივიას დადების დროც დადგა.

პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს "ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით.

კითხვები:

1. დაასახელეთ ნახევარფინალში გადასული სამი სამეჯლისო მოცეკვავე წყვილი.

2. რა კარტი ეჭირა ნიკა მემანიშვილს ავთო გოგეშვილის ფოკუსისას ფოტოზე?

3. რა სიმღერა შეასრულა ნიჭიერის ფინალისტმა ლევან შავაძემ ნახევარფინალში?

4. დაასახელეთ ორი მამა-შვილი, რომლებიც გამოვიდნენ ნიჭიერის II ნახევარფინალურ კონცერტზე.

5. სად მუშაობს ნინო ჯავახიშვილი?

6. საიდან არის ნიჭიერის მონაწილე მარიამ გუჯაბიძე?

7. რა ნივთი დამალა ვანიკომ ყუთში, რომელიც უნდა ეპოვა დოქტორ ბუნას?

8. რამდენი ხანია რაც არსებობს ჯგუფი "შუშა”?

9. რამდენი წლისაა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, ხათუნა მეგრელიშვილი?

10. შეგიძლიათ გაიხსენით 3 ნომერი ნიჭიერში, სადაც ფაუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ?

* * *

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

III ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.

სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.



ავტორი: | ნანახია: 932 |